2021 წლის ბიუჯეტის პროექტს მეათე მოწვევის პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე დღეს განიხილავს და კენჭსაც უყრის. როგორც იცით, ოპოზიციის ბოიკოტის გამო, ხმის მიცემის პროცესში მხოლოდ უმრავლესობა მონაწილეობს. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით ასიგნებები 18,4 მილიარდი ლარია, რაც მიმდინარე წლის მონაცემთან შედარებით 2,5 მილიარდით მეტია. კორექტირებული პროექტი ეკონომიკის 4,3 პროცენტიან ზრდას ითვალისწინებს. დაახლოებით 900 მილიონი ლარი იმ ანტიკრიზისულ გეგმას მოხმარდება, რომელიც პანდემიის გამო შემუშავდა. მმართველ გუნდს ოპოზიცია საბიუჯეტო სტრატეგიასაც უწუნებს და პანდემიასთან ბრძოლის ტაქტიკასაც. ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტებისთვის ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტი არც საზოგადოების მოთხოვნებს და არც ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ასახავს."ქართულ ოცნებაში" დარწმუნებულები არიან, რომ დოკუმენტი, რომელსაც დაამტკიცებენ, გამოწვევებს პასუხობს.