როცა კურორტზე ისედაც არის მობილობა, საბაგიროს არ ჩართვა უბრალოდ აზრს მოკლებულია - შალვა აბრამიშვილი 

25 დეკემბერი 2020, 15:54 1616 ნახვა

შარშანდელი წელი ჩაგვივარდა და ფაქტობრივად, გაკოტრების პირას ვართ. აქედან გამომდინარე ძალიან გაგვიჭირდება ამ ვითარებაში შემდეგი სეზონისთვის მომზადება. ბევრმა, შესაძლოა, ხელი აიღოს საქმიანობაზე და დაკეტოს საერთოდ ეს ბიზნესი - ეს განცხადება შალვა აბრამიშვილმა გააკეთა. 

სამთო-სათხილამურო კლუბ „გუდაურას” ხელმძღვანელმა და სოციალური კამპანია „გადავარჩინოთ ზამთარის” წევრებმა, დღეს, იმ პრობლემების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც კოვიდპანდემიის გამო ზამთრის კურორტებს შეექმნათ. 

შალვა აბრამიშვილის თქმით, მათ მოამზადეს წერილი მთავრობის მისამართით, რომელიც უნდა გაგზავნონ სამინისტროებში და თხოვნით მიმართავენ მთავრობას, გაიმართოს კონსულტაციები  ამ საკითხზე.

''ჩვენ არაფერს არ ვაპროტესტებთ, არაფერს მოვითხოვთ. ჩვენი მიზანია მთავრობის წარმომადგენლებთან დიალოგი შედგეს. ვთვლით, რომ საბაგიროების ფუნქციონირება არათუ გაამწვავებს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, არამედ, პირიქით, განმუხტავს მას.

აგიხსნით რატომ – მოგეხსენებათ, ბაკურიანსა და გუდაურში მრავლადაა აპარტამენტები, საკუთარი ბინები აქვთ ადამიანებს, უკვე ისედაც დატვირთულია კურორტები, ანუ კურორტზე მობილობა გვაქვს. თუ ჩავრთავთ საბაგიროებს, ამით კურორტსა და დაბას განვმუხტავთ იმიტომ, რომ ბაკურიანის შემთხვევაში სათხილამურო არეალი 7-ჯერ დიდია დაბასთან შედარებით, გუდაურის შემთხვევაში კი 10-ჯერ დიდია. გეოგრაფიულ არეალში თუ გავშლით, ბაკურიანში ყველა პარკში არ იქნება თავმოყრილი და ასე უფრო ნაკლები რისკია. ამის გარდა, არის ეკონომიკური ფაქტორი, ასევე, პრობლემები, რომელიც ექმნება სპორტს.

სკიპასის ბარათი ონლაინ ჩაიტვირთება, ანუ დისტანციურად. ამაზე გავიარეთ კონსულტაციები და ეს თემა მოგვარებადია. 

შემდეგი არის რიგი. ოთხი გასასვლელია, შუა ორს დავკეტავთ ანუ გვერდზე დისტანცია დაცული იქნება, პირდაპირ დისტანცია თხილამურის სიგრძის გამო ისედაც დაცულია . შემდეგი არის ღია საბაგირო,  ორი კაცი ორი მეტრის დაშორებით იქნება ერთმანეთისგან.

გაზრდილია სათხილამურო არეალი, აქედან გამომდინარე რიგები არ გვექნება, დატვირთვა იმდენი არ გვექნება საბაგიროებზე და თავისუფლად შეიძლება პრევენცია. 

გარდა ამისა, მოთხილამურეები აღჭურვილი არიან ბაფით, სათვალით, ხელთათმანით. გარდა ამისა თუ დამუშავდება სკამები და გამტარები სადეზინფექციო ხსნარით, ფაქტობრივად, ნულამდე დაგვყავს საბაგიროდან ვირუსის გავრცელების საფრთხე. როცა კურორტზე ისედაც არის მობილობა, საბაგიროს არ ჩართვა უბრალოდ აზრს მოკლებულია. 

ჩვენ მოვამზადეთ წერილი, თხოვნით მივმართავთ მთავრობას, რომ ჩვენს წარმომადგენლებთან დაიწყოს კონსულტაციები. მათ გავაცნობთ ჩვენს მოსაზრებებს. ასევე, გვჭირდება ეპიდემიოლოგების რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმუშაონ კვების ობიექტებმა და ასევე, ჩვენ, ინსტრუქტორებმა. პირველ თებერვალსაც რომ გავხსნათ საბაგირო, ეს ყველაფერი გასავლელია'' - ამბობს აბრამიშვილი. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში