აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, ოპოზიციის კვოტით ირაკლი ჩავლეიშვილი აირჩიეს.
კომიტეტის წევრებმა მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.
პროცედურების თანახმად, თუ ოპოზიციის კვოტით შესული დეპუტატი თანამდებობაზე უარს იტყოდა და კანდიდატურას არ წარადგენდა, მოადგილის თანამდებობაზე ახალ წევრს ''ქართული ოცნება'' დაასახელებდა.
ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.
''ეს თანამდებობა კვოტით ეკუთვნის ოპოზიციას. აღნიშნული კომისია ორგანულად ძალიან ახლოს არის ჩემთან, საკრებულოში მოღვაწეობის დროს კომისიის წევრი ვიყავი. ვარ არქეოლოგიის დიქტორი, ვმოღვაწეობდი სახელმწიფო კაპელაში. ვარ პროფესიონალი მომღერალი. ვიყავი ნაკრების წევრი წყალბურთში. ამ სფეროში დიდი გამოცდილება მაქვს დაგროვილი.
ჩემი მოღვაწეობით მინდა წვლილი შევიტანო ქალაქის წინსვლაში. ვფიქრობ,ამ დარგში მოღვაწეობის დროს დაგროვილი გამოცდილება, გამომადგება მეც და ჩემს ქალაქს, რეგიონს'' - განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა.
რესპუბლიკური პარტიის, აჭარის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩავლეიშვილმა პარტია 15 დეკემბერს დატოვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.