აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქციაზე 2 პირი დააკავეს 

15 დეკემბერი 2020, 12:48 1852 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის წინ მიმდინარე აქციაზე 2 აქტივისტი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით ერთ-ერთი დაკავებული "ალტერნატივას" დამფუძნებელი ხათუნა ბერიძეა.

პოლიციელებმა ის მაშინ დააკავა, როცა უმაღლესი საბჭოს შენობაზე სტიკერებს აკრავდა. დაკავებას წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება. სამართალდამცველებმა მოუწოდეს აქციის მონაწილეებს, რომ  სტიკერები არ გაეკრათ, თუმცა ისინი სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. 

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, აქციის ორივე მონაწილე, ადმინისტრაციული წესით, სამართალდამცველის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

"დაკავებულია აქციის 2 მონაწილე, პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის ბრალდებით. ისინი ცდილობდნენ ღობეზე ასვლას დაცვის სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლებმა მათ არაერთხელ მოუწოდეს, რომ ჩამოსულიყვნენ ღობიდან და სხვა ფორმით გამოეხატათ პროტესტი. მათი მხრიდან არ მოხდა მოთხოვნის გათვალისწინება, რის გამოც ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს"- განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.

დაკავებულები უკვე გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. 

საკანონდებლო ორგანოსთან პირველი სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი