„ლოკომოტივმა“ ბათუმში „დინამო“ დაამარცხა

26 ნოემბერი 2020, 20:17 1445 ნახვა

საქართველოს ეროვნულ ლიგაში ორი გადადებული მატჩი გაიმართა. თბილისის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო, ხოლო ბათუმის „დინამომ“ კი ახალ არენაზე თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა.

ორივე მატჩის დაწყებამდე ფეხბურთელებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ფეხბურთის ლეგენდის, დიეგო არმანდო მარადონას ხსოვნას.

ბათუმელებმა მე-14 ტურის გამოტოვებული შეხვედრა ‘’ლოკომოტივთან’’ 1-2 წააგეს. ანგარიში 65 წუთზე თორნიკე გაფრინადშვილმა გიორგი ნიქაბაძეს გადაცემა გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი მცველს აჯობა და ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო.

74-ე წუთზე ჩააწოდებულ ბურთს მიმართულება ირაკლი სიხარულიძემ შეუძვალა და ახლო ძელთან მყოფმა დავით უბილავამ ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი ‘’ლოკომოტივმა’’ 83-ე წუთზე გაიტანა. უბილავას გადაცემა მამია გავაშელიშვილმა მიიღო მცველი მარტივად მოატყუა და მეკარე ალავიძეს გაუტანა.

ამ მატჩის წაგების შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უკვე 5 ქულიანი ჩამორჩენა აქვს.  15 თამაშის შემდეგ გუნდს კვლავინდებურად 29 ქულა აქვს, ‘’ლოკომოტივი’’ კი 16 შეხვედრაში 26 ქულას აგროვებს და მესამე ადგილზე ინაცვლებს. თავისი შეხვედრა მოიგო გათამაშების ლიდერმა თბილისის ‘’დინამომ’’. 

დედაქალაქელებმა ქუთაისის ‘’ტორპედო’’ საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა. 64-ე წუთზე თერთმეტმეტრიანიდან ანგარიში ნოდარ ქავთარაძემ გახსნა და თბილისელები დააწინაურა. 3 წუთში რიონისპირელებმა ფანცულაიას გოლით ანაგრიში გაათანაბრეს, თუმცა 82-ე წუთზე ჯანელიძემ მეორე ყვითელი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია, ქუთაისელების კარში კი მეორე თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და ამჯერადაც ნოდარ ქავთარაძემ უნაკლოდ შეასრულა.

თბილისის ‘’დინამოს’’ 15 შეხვედრაში 34 ქულა აქვს და გათამაშების ლიდერობას კიდევ უფრო იმტკიცებს. რიონისპირელები კი 16 ქულით ისევ მე-8 ადგილზე არიან. ბათუმის ‘’დინამოს’’ შემდეგი შეხვედრა 5 დეკემბერს ქუთაისში ადგილობრივი ‘’ტორპედოს’’ წინააღმდეგ არის ჩანიშნული. თბილისის დინამომ კი ამავე დღეს ‘’სამტერდიას’’ უნდა უმასპინძლოს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში