სავაჭრო ცენტრებისა და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

23 ნოემბერი 2020, 17:32 2465 ნახვა

მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, სავაჭრო ცენტრების და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათივე ცნობით, არსებული ეპიდემიოლოგიური ფონის გათვალისწინებით, ბიზნესსა და ეკონომიკაზე ზიანის მაქსიმალურად შემცირების გზით, შესაძლო წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება და ბიზნესის მხარდასაჭერი დამატებითი ღონისძიებებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელების შესაკავებლად მნიშვნელოვანია მობილობის დაწევა, რისთვისაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების შესაბამისად, მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებას გეგმავს, რაც ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად იგეგმება.

''განსაკუთრებულად აღინიშნა ის ფაქტი, რომ მთავრობის მთავარი ამოცანაა სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ის, რომ გლობალური კრიზისით გამოწვეული გავლენა ეკონომიკაზე მაქსიმალურად შემცირდეს.

აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა როგორც მთავრობის მხრიდან ბიზნესის მხარდასაჭერ დამატებით ღონისძიებებზე, რომლის შესახებაც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, ისე ბიზნესის პასუხისმგებლობაზე - დაიცვან არსებული რეგულაციები, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად.

თავის მხრივ, სავაჭრო ცენტრების და მსხვილი ქსელური მაღაზიების წარმომადგენლებმა შეხვედრისას აღნიშნეს, რომ იზიარებენ მთავრობის მიდგომას წერტილოვან შეზღუდვებთან დაკავშირებით და გამოთქვეს მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი საკუთარ ობიექტებში უსაფრთხოების წესების დაცვას, რათა ყველაფერი გააკეთონ როგორც საკუთარი თანამშრომლების, ისე მომხმარებლების დაინფიცირების რისკის შესამცირებლად'' - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში