პოლიცია 21 ნოემბერს უზრუნველყოფს მართლწესრიგის დაცვას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე - შსს

20 ნოემბერი 2020, 11:21 1362 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში მეორე ტურის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ბრიფინგი გაიმართა. უწყებაში აცხადებენ, რომ 21 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება პოლიციის მობილური ჯგუფების მობილიზება, რათა მაქსიმალურად იყოს წესრიგი და უსაფრთხოება დაცული.

მათივე განცხადებით, საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორის მოწყობა თავისი შინაარსით არაკონსტიტუციური ქმედებაა, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

,,გვინდა გამოვეხმაუროთ იმას, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები არჩევნების დღეს გეგმავენ სირცხვილის კორიდორის მოწყობას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო უბნებთან  სირცხვილის დერეფნების ორგანიზება, თავისი შინაარსით, აშკარად სცდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, არღვევს მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, რადგან ერთმნიშვნელოვნად მიზნად ისახავს საარჩევნო ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლას და პირდაპირ ახდენს ზემოქმედებას ამომრჩეველზე, რათა აიძულოს იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შესაბამისი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, რომ მათი მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის შემთხვევაში, პოლიცია მყისიერად იმოქმედებს სისხლის სამართლის დანაშაულის დროულად აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

ასევე, მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს თუ ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 

პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე. პოლიცია დაიცავს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას, იყოს სახელმწიფოში ხელისუფლების წყარო, საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთოს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში"- განაცხადა კახა საბანიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი