თენგიზ ცერცვაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

19 ნოემბერი 2020, 19:50 1269 ნახვა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

„თენგიზ ცერცვაძეს აღენიშნება ტემპერატურის მატება 38.0 გრადუსამდე. გულ-მკერდის ორგანოების კომპიუტერულ- ტომოგრაფიული გამოკვლევით დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდ პნევმონია. იმუნური სისტემის გამოკვლევით აღენიშნება უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. ვინაიდან ბატონი თენგიზი წარმოადგენს ორმაგად მაღალი რისკის ჯგუფის პირს – იგი არის ასაკოვანი და ამავე დროს აქვს არაჰოჯკინის ლიმფომა და სერიოზული იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ამიტომ მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდა. მას გადაესხა ანტივირუსული მედიკამენტი „რემდესივირი“, ორი 100 მილიგრამიანი ფლაკონი ერთჯერადად. ის მკურნალობას მომავალ დღეებში გააგრძელებს კლინიკაში და მისი მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლების მდგომარეობის მიხედვით.

რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ანა თოფურიას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას აგრძელებს სახლში“, – აღნიშნულია, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი