ბათუმში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საკითხზე სამედიცინო მოკვლევა მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე კლინიკაში რეგულირების სააგენტოდან სპეციალისტები არ მისულან.
გარდაცვლილის ბაბუა ამბობს, რომ მოზარდს კორონავირუსი არ ჰქონდა. კლინიკაში გადაყვანისას მას არც ტემპერატურა აღენიშნებოდა. მისი თქმით, ტრანსპორტირების დროს რეანომობილში არ ჰქონდათ ჟანგბადი.
''დაახლოებით ღამის ორის ნახევარი იყო, შეუძლოდ გახდა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. იქ სისხლის გადასხმა მოსთხოვეს და ნახევარი ჰქონდათ გადასხმული, უკვე სასწრაფო გამოიძახეს და თბილისში გადაყვანა გადაწყვიტეს. დაბადებიდან არ ჰქონდა ცალი თირკმელი და კვირაში რამდენჯერმე დიალიზს უკეთებდნენ. იმ დღეს კლინიკაში რა გაუკეთეს არ ვიცი, გზაში დაიღუპა. როგორც მე ვიცი აზოტი ჰქონდა მაღალი. კლინიკა, რომ ყოფილიყო დღეს ცოცხალი მეყოლებოდა.
კორონავირუსი არ ჰქონია, არც სიცხე ჰქონდა და არც ხველა. ტემპერატურით შემოვიდაო, რომ ამბობენ ეგ აწყობთ მაგათ. არავის არ აქვს სახლში სიცხე, 7 წევრი მყავს. დიალიზი სჭირდებოდა. შაბათ-კვირას დასვენება იყო. საღამოს მითხრა კარგად არ ვარო, ჰაერის უკმარისობა ჰქონდა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ რეანომობილში ჟანგბადი არ ეყო'' - უთხრა ჟურნალისტებს გარდაცვლილის ბაბუამ.
აჭარის მაუწყებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს დაუკავშირდა. გვითხრეს, რომ რეანომობილში აღჭურვილობის პრობლემა არ იყო, მედიკოსებს ჰქონდათ ჟანგბადი და ყველა საჭირო აპარატურა. რაც შეეხება ცხელებას, ცენტრის წარმომადგენლების განმარტებით 12 წლის გოგო კლინიკაში მომატებული ტემპერატურით შეიყვანეს და მას მოგვიანებით ორმხრივი პნევმონიაც დაუდგინდა.
დედათა და ბავშვთა ცენტრის სამედიცინო დირექტორი ამბობს, რომ პაციენტი კლინიკაში კვირას შეიყვანეს, მას ქრონიკული დაავადება ჰქონდა და საჭირო გახდა თბილისში გადაყვანა. მოზარდი ტრანსპორტირების დროს გარდაიცვალა.
თამარ ბახტაძის თქმით, პაციენტს კორონავირუსი კლინიკაში ჩატარებული კვლევის შემდეგ დაუდასტურდა.
''პაციენტს ჰქონდა ქრონიკული დაავადება, ესაჭიროებოდა დიალეზის ჩატარება. პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემდეგ, გამოვიძახეთ კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და და მოხდა რეფერირება თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში. სამწუხაროდ ტრანსპორტირების დროს პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და კოპიტნარის ტერიტორიაზე დაფიქსირდა გარდაცვალება.
კლინიკაში შემოყვანისას ჰქონდა სხვადასხვა სისტემის უკმარისობა, თუმცა წამყვანი იყო მისი ქრონიკული დაავადება. მძიმედ მიმდინარე. ხშირი პერიოდულობით საჭიროებდა სამედიცინო ჩარევას. დიალიზი ჩვენს კლინიკაში არ ტარდება'' - განაცხადა თამარ ბახტაძემ.
12 წლის გოგო გუშინ გარდაიცვალა.