ერთადერთი ველი პროტესტისთვის ქუჩა რჩება - ლევან ბეჟაშვილი

09 ნოემბერი 2020, 16:39 1130 ნახვა

ერთადერთი ველი პროტესტისთვის ქუჩა რჩება - ამის შესახებ ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ოფისში განაცხადეს.  ლევან ბეჟაშვილის თქმით, პარტიის წარმომადგენლები ბოლო საათების განმავლობაში  მოლაპარაკებას მართავენ საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან და საელჩოებთან.  მისივე განცხადებით, ოპოზიცია ერთიანია და მთავარი მოთხოვნა ხელახალი არჩევნების ჩატარებაა. 

''არ ვაღიარებთ იმ შედეგებს, რომელიც ჟვანიამ დაწერა ოქმებში. საზოგადოების დაკვეთაა, რომ ოპოზიცია იყოს ერთიანი და ასეც არის. 

ჩვენ მოლაპარაკებას ვერ მოვახდენთ ხელისუფლებასთან და ეს შეთანხმების საგანი ვერ გახდება, იმდენად რამდენადაც ამ პროცესებში მთავარი ფაქტორი არის ხალხი. ხალხი თვლის თავს მოტყუებულად. 

ერთადერთი ბერკეტი, სადაც საზოგადოებას უწევს პროტესტის გამოხატვა არის ქუჩა, ამიტომაც გრძელდება ეს აქციები და გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივიღებთ ობიექტურ ინდიკაციას, რომ ხელისუფლება ადეკვატურად  რეაგირებს იმ პრობლემებზე რომელიც არჩევნების გაყალბებას უკავშირდება. 

ჩვენი მთავარი მოთხოვნაა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, იმიტომ რომ ცესკო არაადეკვატურად რეაგირებს სამართლიან საჩივრებზე, რომელიც არა მარტო პოლიტიკურ სუბიექტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც აქვს'' - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა. 

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა, რომელიც 8 ნოემბრის ღამეს მოქალაქეების წყლის ჭავლის გამოყენებით დაშლას და ასევე დღეს ამოქმედებულ კომენდანტის საათს შეეხებოდა. 

ბეჟაშვილი ამბობს, რომ 22:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება.  

''დღემდე არცერთ საკანონმდებლო ბაზაში არ არის მოძიებული სამართლებრივი აქტი, რითაც ეს შეზღუდვები დგინდება, რომ ჩვენ ელემენტარულად გვქონოდა გასაჩივრების საშუალება. ვთვლით, რომ ეს აქტი არის აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური. შეკრების უფლება ჩვენი კონსტიტუციური უფლება და კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა მხოლოდ დეკრეტით უნდა ხდებოდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით. 

არცერთი სამართლებრივი წინაპირობა ამ შეზღუდვების დაწესების არ არის, ერთადერთი მიზანი აქვს ამას პოლიტიკური. ყველას კარგად ესმის, რომ თურმე ათიდან 5 საათამდე კორონავირუსი იღვიძებს და მოსახლეობას თავს არ ესხმის. თუ მთელი დღე გადაადგილება დაშვებულია, საღამოს საათებში შეზღუდვა შეიძლება ემსახურბოდეს მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს'' - განაცხადა ენმ-ს წევრმა. 

მისივე თქმით, არანაირი განზრახვა, რომ ვინმე ცესკოს შტუმრით აღებას აპირებდა არ ყოფილა.

''ჩვენ აბსოლუტურად მშვიდობიანად ვაპირებდით პროტესტის გამოხატვას და მივიღეთ არაადეკვატური ძალა და შიში. გუშინ მთელი დღის განმავლობაში 15:00 საათიდან ათასობით მოქალაქე იდგა და აყენებდა ერთადერთ მოთხოვნას გადამდგარიყო თამარ ჟვანია. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა გარკვეული მოლაპარაკებების დაწყება საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ პასუხად მივიღეთ აბსოლუტური იგნორი. ამიტომ სამართლიანი იყო, რომ აქციის მონაწილეები დაიძრნენ ცესკოს შენობისკენ. 

ვნახეთ, რომ აქციის მონაწილეების მშვიდობიანი კოლონა ცესკოსთან მისულიც არ იყო სამართალდამცველებმა დაიწყოს არაადეკვატური ძალის გამოყენება, წყლის ჭავლის, გაზის, რამაც კიდევ უფრო დაძაბა იქ არსებული მდგომარეობა. მთავარი სულისკვეთება ჩვენი არის, რომ ჩვენ მშვიდობიანი აქციებით ვითხოვთ სამართლებრივ რეაგირებას იმ პროცესებზე რაც ხდება'' - უთხრა ჟურნალისტებს ბეჟაშვილმა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში