გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ და ცესკოს შენობის შტურმის მცდელობა - პრემიერი

09 ნოემბერი 2020, 13:11 1017 ნახვა

,,ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცესკოს შენობის შტურმის მცდელობა და პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა - ხალხის, რომელზეც დღეს დგას ეს ქვეყანა,'' - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაური ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იყო სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება, რაზეც სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი.

,,ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ჩვეულებრივი მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შტურმის მცდელობა და რაც მთავარია, პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა - ხალხის, რომელზეც დღეს ფაქტობრივად დგას ეს ქვეყანა და სხვადასხვა მიმართულებით კრიზისებთან ბრძოლა. ფაქტობრივად, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება იყო. ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს და ეს არ არის მხოლოდ სამართალდამცავი სისტემის ამოცანა - სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას შეფასებით, ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობას და ძალადობისკენ მოწოდებას, ყველაფერს, რაც გუშინ მოხდა, სჭირდება სამართლებრივი ანალიზი და არანაირი კომპრომისი არ უნდა მოხდეს იმასთან დაკავშირებით, რომ სადაც არის გადაცდომები, ყველაფერზე უნდა მოხდეს დროული, ეფექტური რეაგირება.

„ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები. ჩვენ, ყველანი ერთად, ყოველდღიურად ვართ პროცესში, რომელსაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა ჰქვია. თითო საწოლ ადგილს ვითვლით ქვეყანაში, თითო სასწრაფო დახმარების ბრიგადას ვითვლით ქვეყანაში და ვზომავთ, თითოეული ექიმი სად გადავანაწილოთ და ეკონომიკურ განზომილებაში კიდევ უფრო მეტი გამოწვევებია. ჩვენ ვცდილობთ, ამ ყველაფერს ისე მოვერიოთ, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გავზარდოთ. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მშვიდობას და დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს. ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივით და მათი დახმარებით, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ ამას ყოველთვის ვამბობდით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც ჩვენი ამომრჩევლის დავალებაა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი