სამი სავალდებულო გამოკვლევა - სასტუმროში და ბინაზე მკურნალობის წესები იცვლება

06 ნოემბერი 2020, 18:54 1843 ნახვა

თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, სასტუმროში მოთავსებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტებსა და ბინაზე მყოფი პაციენტების ნაწილს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდებათ. ამის შესახებ ცერცვაძემ კლინიკურ ჯგუფთან შეხევედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ბინაზე მყოფ პაციენტებს ჩაუტარდებათ გამოკვლევები: D დიმერი, სისხლის საერთო ანალიზი, სატურაციის განსაზღვრა.

,,სასტუმროში მოთავსებულ ყველა და ბინაზე დატოვებულის ნაწილს ჩაუტარდება სამი სავალდებულო გამოკვლევა: სისხლის საერთო ანალიზი, დ-დიმერი და სატურაციის განსაზღვრა. შერჩევით ეს ახლაც ტარდება, მაგრამ დღეიდან იქნება სავალდებულო და სისტემური. ასეთი ვალდებულება არ აქვს ევროპის და ამერიკის არც ერთ ქვეყანას, რომ ბინაზე დატოვებულებს ჩაუტაროს ეს სამი ძირითადი გამოკვლევა.

ამ სამ გამოკვლევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დ-დიმერის განსაზღვრა გვაძლევს სიგნალს, აქვს თუ არა თრომბოემბოლიური გართულებების რისკი ამ პაციენტებს. იცით, სიკვდილობის თითქმის მეოთხედი თრობოემბოლიური დაავადებებით არის განპირობებული, ხოლო ბინაზე მყოფთა შორის თითქმის ასი პროცენტით. ამის სიგნალს მოგვცემს და თავიდან იქნება აცილებული თრომბოემბოლიით გართულება.

სისხლის საერთო ანალიზი გვაძლევს ინფორმაციას რამდენად მძიმეა პროცესი და ხომ არ არის ბაქტერიული გართულება, ხომ არ არის საჭირო, მკურნალობაში ჩაერთოს ანტიბიოტიკები და სხვა საშუალებები.

მესამე, სატურაციის განსაზღვრა ძალიან მნიშვნელოვანია, ბინაზე დატოვებულებში ეს არსად არ კეთდება, ეს მოგვცემს საშუალებას, განისაზღვროს, ბინაზე დატოვებული პაციენტი ჟანგბადდამოკიდებული ხომ არ არის. შესაძლოა, პაციენტი ვერ გრძნობდეს, რომ ჟანგბადდამოკიდებულია, შეიძლება თავისუფლად სუნთქავდეს, ეს ახასიათებს კოვიდს, მაგრამ სისხლში არ იყოს ჟანგბადის საკმარისი რაოდენობა. ასეთი პაციენტები არიან მთავარი რისკის ჯგუფის დამძიმებისა და სიკვდილობისთვის. ასეთი პაციენტები დაუყოვნებლივ ბინიდან ჰოსპიტალში იქნებიან გადაყვანილი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი