ოპოზიციას კარვების გაშლა სურს, პოლიცია კი ამბობს, რომ ხელოვნური ბარიერებით გზის ჩაკეტვა მიუღებელია

04 ნოემბერი 2020, 17:21 1771 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციური პარტიების აქტივისტებს კარვების გაშლა სურთ, ამის უფლებას კი პოლიცია არ აძლევს. 

ადგილზე, სამართალდამცველებთან ერთად აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იმყოფება. კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით,  ხელოვნური ინსტალაციებით და ბარიერებით სავალი ნაწილის ჩაკეტვა სამართლებრივად მიუღებელია.

''მე არასდროს არ გამიკეთებია მოქალაქეთა რაოდენობაზე აქცენტი, ყველას აქვს გამოხატვის უფლება და შსს-ს ამას უზრუნველყოფს. ასევე ვიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს.​

გუშინ აღნიშნულ ლოკაციაზე გაიმართა საპროტესტო აქცია, სადაც მოწყობილი იყო სცენა. ღამის განმავლობაშიც იყო იგივე ლოკაციაზე. დღეს აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ  ცენტრალურ სავალ ნაწილზე სურდათ კარვების გაშლა. ჩვენ ვუთხარით, რომ  ხელოვნური ინსტალაციებით და ბარიერებით სავალი ნაწილის ჩაკეტვა სამართლებრივად მიუღებელია. არის აზრთა სხვადასხვაობა და გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ პროვოცირება მოახდინონ კონკრეტულ პოლიციელებზე. 

მათი გამოხატვის უფლებას, რაც კონსტიტუციურად აქვთ მინიჭებული არავინ არ ზღუდავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გუშინდელი აქციის დაწყებიდან  მაქსიმალურად შეუწყო ხელი, რომ მათი პროტესტი გამოხატულიყო, ჩვენ თვითონ შევთავაზეთ, რომ ქუჩას დაგიკეტავთ, მაგრამ როცა ხალხის რაოდენობა არ არის საკმარისი ქუჩა ჩაიკეტოს, არ არის აუცილებელი ეს  ხელოვნურად, ბარიერებით მოხდეს. 

თუ მოვა ამდენი ადამიანი, ჩვენ თვითონ დავკეტავთ.

აქციის ორგანიზატორებს გუშინ შევთავაზეთ, რომ სცენას მიმდებარე ტერიტორიაზე გადავიტანდით'' - განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა. 

მეორე დღეა აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება. გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები და ლიდერები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა. 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში