ერთა ლიგის ბოლო ორ შეხვედრას საქათველოს ეროვნული ნაკრები ბათუმის ნაცვლად ისევ თბილისში გამართავს. უეფა-ს ვებგვერდზე მატჩის ჩატარების ადგილი თბილისით ჩანაცვლდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, არსებული ვითარების გათვალისწინებით, სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებებთან საშინაო მატჩების გამართვა ‘’დინამო არენაზე’’ გადაწყვიტა.
ოქტომბერში უეფა-ს ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ორ საშინაო შეხვედრას ბათუმში ახალ სტადიონზე გამართავდა. საქართველოს ნაკრები სომხეთს 15 ნოემბერს მიიღებს, ხოლო 18 ნოემბერს – ესტონეთის ეროვნულ გუნდს. უეფა-ს გვერდის ცნობით, ორივე შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.
მანამდე კი ვლადიმერ ვაისის გაწვრთნილ გუნდს 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებთან მოუწევს ისტორიულ შეხვედრაში დაპირისპირება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს. ეს მატჩი "დინამო’" არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.