აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მასალის წაშლის ფაქტზე სამართალდამცავ უწყებას მიმართა

28 ოქტომბერი 2020, 22:17 1530 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ვებ–გვერდიდან წაიშალა ერთ-ერთი მასალა, რომელიც დღეს მაღალმთიან აჭარაში მომხდარ ინცინდენტს ასახავდა.

მაუწყებელი მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს: მიუხედავად სხვადასხვა დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციების მხრიდან მრავალრიცხოვანი პერიოდული კამპანიური შემოტევებისა და უსაფუძვლო ბრალდებებისა, მაუწყებელი აგრძელებს მიუკერძოებლად მუშაობას და ფაქტებისა და მოვლენების ობიექტურად და დაბალანსებულად გაშუქებას.

ეს კი, როგორც ჩანს, დიდ გაღიზიანებას იწვევს მათში, ვინც არ არის დაინტერესებული იმით, რომ მაუწყებელმა შეძლოს ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირების გაგრძელება და შეინარჩუნოს ორგანიზაციული სტაბილურობა და მდგრადობა. შესაბამისად, აჭარის მაუწყებლის წინააღმდეგ დღეს, კიდევ ერთი ასეთი მიზანმიმართული შეტევა განხორციელდა. კერძოდ, სავარაუდოდ, მოხდა ჰაკერული თავდასხმა, რის შედეგადაც ვებ–გვერდიდან გაქრა ერთ–ერთი მასალა.

მაუწყებელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული იყო კარგად ორგანიზებული დესტრუქციული ქმედება და მიზნად ისახავდა მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკის დისკრედიტაციას და მასში დაძაბულობისა და დაპირისპირებების ახალი ტალღის აგორებას, რადგან მსგავსი მასალის ოფიციალური საიტიდან წაშლას საზოგადოება აუცილებლად შეამჩნევდა და სათანადო რეაქციაც ექნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ეს მაუწყებლის ვებ–გვერდზე კიბერთავდასხმისა და მასალების მიზანმიმართულად წაშლის ან პლატფორმის მუშაობის შეფერხების და პარალიზების მცდელობის პირველი შემთხვევა არ არის.

ამიტომ მენეჯმენტმა მყისიერად მოახდინა ფაქტზე რეაგირება და ინცინდენტის გამოძიებისთვის სამართალდამცველებს მიმართა.

პოლიციელები უკვე იმყოფებოდნენ მაუწყებელში და ჩაატარეს შესაბამისი მოქმედებები, რაც შეეხება წაშლილ მასალას, ტექნიკურმა სამსახურმა მისი აღგენა მალევე შეძლო და ახლა, ის, კვლავ ხელმისაწვდომია. ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში