საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ინფიცირების ახალი შემთხვევების მიუხედავად სისტემური შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. ნათია მეზვრიშვილის თქმით, აუცილებელია წესებისა და რეკომენდაციების დაცვა.
''როგორ ხედავთ, მსოფლიოში იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, იზრდება საქართველოშიც. ზრდა მოსალოდნელია, დღეს 1 872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აღნიშნულის მიუხედავად, ჩვენ სისტემურ შეზღუდვებს არ ვაწესებთ და ვაგრძელებთ ვირუსთან ადაპტაციას და მის მართვას წერტილოვანი შეზღუდვებით, იქ სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ამის საჭიროება არსებობს. მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ ბალანსი. ასევე ერთის მხრივ მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და მეორეს მხრივ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკას, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში შევინარჩუნოთ სწრაფი აღდგენის რესურსი.
ამ მხრივ, ჩვენ პოზიტიური ტენდენციები გვქონდა და მაქსიმალურად ვცდილობთ ამის შენარჩუნებას.
გასულ კვირას, პრემიერი მსხვილ დამსაქმებლებს შეხვდა, იყო საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები და ერთხმად ითქვა, რომ სწორედ ბალანსის დაცვა მოგვცემს შესაძლებლობას სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ. ეს მნიშვნელოვანია ვირუსის მეორე ტალღასთან ბრძოლაში.
ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია ელემენტარული წესების დაცვით, პირბადის ტარებით და დისტანციის დაცვით'' - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.