ამ ეტაპზე აჭარაში დაწესებული შეზღუდვები ძალაში რჩება. იმ შემთხვევაში, თუ აჭარაში სტაბილური მაჩვენებლები ვირუსის საინკუბაციო პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება, შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად დაიწყება.-ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადეს. საბჭომ, დღეს განიხილა სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა და მდგომარეობა საბავშვო ბაღებში, სადაც, აჭარის გარდა, სააღმზრდელო პროცესი დღეიდან განახლდა.
აღინიშნა, რომ ცალკეულ გამოვლენილ ინფიცირების შემთხვევებთან მიმართებაში, როგორც სკოლებში, ისე ბაღებში, გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და აღნიშნული მიდგომა შენარჩუნდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეასრულონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების რჩევები, ატარონ პირბადე ღია სივრცეშიც.