საჭიროა რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფის შექმნა, რომელიც კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს - პრემიერი 

08 ოქტომბერი 2020, 10:13 1626 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერი და ასევე ჯანდაცვის მინისტრი კლინიკების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ისაუბრეს რეანიმატოლოგთა ცალკე ჯგუფის შექმნაზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვას უხელმძღვანელებს. პროცესი კი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით მოქმედ კლინიკურ ჯგუფთან სრული კოორდინაციით განხორციელდება.

პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოუწოდებს მაქსიმალურად ისარგებლონ აპლიკაციით - Stop Covid.

„დღეს ჯანდაცვის სისტემა არის იმ მდგომარეობაში, რომ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის ეს ტალღა ვმართოთ. ამიტომ, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, სწრაფად მოხდეს ინფიცირებულთა ტესტირება და მათი კავშირების დადგენა, რაზეც შესაბამისი სტრუქტურები მუშაობენ და მოხდეს ამ ხალხის იზოლაციაში სწრაფად გადაყვანა. ამისთვის ძალიან კარგია აპლიკაცია Stop Covid-ი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა.

მეც მაქვს ტელეფონში ჩატვირთული და ყველა ადამიანს, რომელიც საავადმყოფოში ხვდება, უნდა ვუთხრათ, რომ ჩატვირთოს ეს აპლიკაცია. ჩვენი მთავარი მიზანია, სტრუქტურა დავალაგოთ ისე, რომ სტაციონარში მივიდეს მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანი, ვისაც სტაციონარი სჭირდება. როგორც კი ადამიანი ხვდება საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა მძიმეა ან კრიტიკულია, მისი მართვა უკვე საერთო საქმეა, ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. ამიტომ ვთვლით, რომ რეანიმატოლოგების ცალკე ჯგუფის გაკეთება იქნება სწორი.

პირველი ტალღის წარმატებას ჰყავდა თავისი გმირები და სახეები; ახლა შევდივართ მეორე ტალღაში, სადაც სხვა რიგის პრობლემები დგას და უნდა გაჩნდნენ ახალი გმირები, რომლებიც ამ ღირსეულ კოჰორტას უნდა შეემატონ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში