ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებას ეხმიანება

07 ოქტომბერი 2020, 16:37 1510 ნახვა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე მონიტორინგის შუალედურ ანგარიშთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლითაც მაუწყებელი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დასკვნები არ ეფუძნება დაკვირვების შედეგს. მეტიც, რიგ შემთხვევებში, ეწინააღმდეგება მას.

ნანა ბიგანიშვილის განცხადებით, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აწარმოებს როგორც რაოდენობრივ, ასევე შინაარსობრივ ანალიზს, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება და მათი ერთმანეთში არევა დაუშვებელია.

"ცოტა გაურკვეველია ჩემთვის, როგორც ჩანს კარგად ვერ გაიგეს ანგარიშის შინაარსი, რადგან იქ ცალსახად წერია, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მონიტორინგის პერიოდში აწარმოებს როგორც რაოდენობრივ, ასევე შინაარსობრივ ანალიზს. ეს განსხვავდება ერთმანეთისაგან.

 

რაოდენობრივი ანალიზის მიხედვით რა შედეგებიც დაიდო ის არის გამოტანილი და ნაჩვენებია დიაგრამაზე, თუმცა ჩვენ ვაკეთებთ ასევე შინაარსობრივ ანალიზს, უკვე არაერთი წელია. შინაარსობრივი ანალიზის დროს გამოვლენილ სიუჟეტებში, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ დიახ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მოამბე 21:00 საათზე იყო ლოალურად განწყობილი ხელისუფლებისადმი, მათ შორის სამთავრობო პროგრამების გაშუქებისას განსაკუთრებით პოზიტიურად იყო წარმოჩენილი გიორგი გახარია. ეს არის ერთიანი დასკვნა. ჩვენ გვაქვს ის მაგალითები, რომელიც გვაძლევს ამის თქმის საფუძველს.

 

ეს არის შინაარსობრივი ანალიზის დასკვნა. ისინი რასაც ამბობენ რაოდენობრივში ამათი არევა არის შეუძლებელი. არ ირევა ეს ორი რამ ერთმანეთთან"-განაცხადა ნანა ბიგალიშვილმა.

​​მისივე განმარტებით, ქარტია უკვე წლებია ამ მეთოდოლოგიით მუშაობს და გასულ წლებშიც პირველი არხის მოამბე იყო ლოიალურად განწყობილი ხელისუფლებისადმი.

"ჩვენი მეთოდოლოგია წლების განმავლობაში  იხვეწებოდა, ჩვენი მონიტორები არიან პროფესიონალები და ყველა მექანიზმი არსებობს მონიტორინგში, რომ ვინმე არ იყოს მიკერძოებული და სუბიექტური დამოკიდებულება გამოირიცხოს"-აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე.

გუშინ, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შუალედურ ანგარიშს გამოეხმაურა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დასკვნები არ ეფუძნება დაკვირვების შედეგს. მეტიც, რიგ შემთხვევებში, ეწინააღმდეგება მას, ანგარიშში მოტანილი შეფასებები არ ეხმიანება ამავე დოკუმენტში მოტანილ ფაქტობრივ მონაცემებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში