აჭარაში მთავარი გამოწვევა მაინც კრიტიკული პაციენტების მართვაა - თამარ გაბუნია

02 ოქტომბერი 2020, 18:00 1082 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ბათუმში ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა მაინც კრიტიკული პაციენტების მართვაა. თამარ გაბუნია რამდენიმე დღეა აჭარაში იმყოფება. დღეს კი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკიდან მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად კოვიდცენტრებში არსებულ ვითარებას გაეცნო. 

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საჭიროა ერთიანი მიდგომის დანერგვა, რომ საქართველოს ყველა ქალაქში პაციენტმა თანაბარი ხარისხის მომსახურება მიიღოს. 

''თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ექსპერტების ჯგუფი იმყოფებოდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და გაეცნო იქ არსებულ სიტუაციას. მოგვცეს რეკომენდაციები, რომ ვიმუსავოთ ამ რეკომენდაციების დანერგვაზე. მნიშვნელოვანია ის, რომ მართვის პროცესი ერთიანი სტანდარტით უნდა გაგრძელდეს, გაწერილი პროტოკოლების მიხედვით. რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალი საკმარისია, კარგად მომზადებულია იმისთვის, რომ ყველა სიახლე დაინერგოს და პაციენტების მდგომარეობაც გახდეს, ისეთი როგორიც გვინდა რომ იყოს.

ამ ეტაპზე მთავარი გამოწვევა მაინც კრიტიკული პაციენტების მართვაა. რესპუბლიკურ საავადმყოფოს მატერიალურ-ტექნიკური საკმაოდ კარგი ბაზა აქვს. დიდი შესაძლებლობების. იქ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ყველა პაციენტმა მიიღოს სათანადო მომსახურება. სწორედ სტანდარტიზაცია არის მთავარი გამოწვევა, ანუ ის რაც კეთდება თბილისში უნდა კეთდებოდეს ბათუმში, ქუთაისშიც და სხვა ქალაქებშიც. უნდა გვქონდეს ერთიანი, სტანდარტული მიდგომა და თანაბარი ხარისხი კარგი კლინიკური გამოსავლების მისაღებად'' - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ''დარჩით სახლში'' აჭარაში საჭიროა. რაც შეეხება დამატებით შეზღუდვებს, ეს რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. უკვე არსებული შეზღუდვების ეფექტი კი ერთ კვირაში გამოჩნდება. 

''დარჩი სახლში მოწოდება, განსაკუთრებით ხანდაზმულებისა და ქრონიკულად მოავადეებისთვის აჭარაში,  სადაც ვხედავთ, რომ ინფექცია მეტად არის გავრცელებული მნიშვნელოვანია. პირდაპირ კავშირშია ინფექციის გავრცელება მობილობასთან. ახლა არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ზომიერად შემზღუდავი ღონისძიებებით შეგვიძლია შევაკავოთ ინფექციის გავრცელება. აჭარაში ერთ კვირაზე ოდნავ მეტია, რაც  დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებები ამოქმედდა და უნდა დაველოდოთ სულ მცირე ერთი კვირა, რომ შედეგი დავინახოთ. გავიგოთ რამდენად ეფექტურია ეს ღონისძიებები'' - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში