ძალადობას გამართლება არა აქვს - ირაკლი კობახიძე მარნეულის ინციდენტს ეხმიანება

30 სექტემბერი 2020, 15:47 1208 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძე დღეს მარნეულში "ქართული ოცნების" შტაბის წევრზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმედია უახლოეს დღეებში აღნიშნულის გამო ადამიანებს გისოსებს მიღმა ვიხილავთ.

"დღეს დილით რაც მოხდა ეს პროვოკაციაზე მეტი იყო - მარნეულის შტაბის წევრს დაეჯახა უკნიდან ავტომანქანა და როგორც კი გადმოვიდა ავტომობილიდან, მას თავს დაესხა რადიკალური, კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენელი.

 

სახის ძვლები აქვს დამტვრეული და რამდენიმე ასეთი დაზიანება აქვს მიღებული. დარწმუნებული ვარ, დღეს-ხვალ ვიხილავთ ადამიანებს გისოსებს მიღმა. ეს ასეც უნდა მოხდეს. ჩვენი მოწოდება სამართალდამცავების მიმართ ეს არის, რომ ვინც აწყობს პროვოკაციებს, ვინც არასწორად რეაგირებს პროვოკაციებზე, ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ დასჯილი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანი გუშინ ღამით მარნეულში მომხდარ ინცინდენტსაც გამოეხმაურა. მისივე განმარტებით გუშინაც "ქართული ოცნების" ოფისთან უდიდეს პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.

"გუშინ "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბთან მივიდნენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები, რომლებიც ასევე პროფესიონალი პროვოკატორები არიან. მივიდნენ და დედა შეაგინეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, რომლებიც რამდენიმე ათეული იდგა საარჩევნო შტაბის წინ. ეს არის უმძიმესი პროვოკაცია. სადღაც ვახერხებთ იმას, რომ დედის გინების მიუხედავად არ ახდენენ რეაგირებას, სადღაც ვერ ხერხდება ეს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ თითოეულ მათგანს. გუშინაც როცა ათეულობით ქართული ოცნების აქტივისტს აგინეს ამაზე იყო შესაბამისი რეაქცია ის რაც იყო. 

ჩვენი მოწოდებაა ის, რომ არცერთი მხარდამჭერი უმძიმეს პროვოკაციებსაც კი არ უნდა აჰყვეს. ასეთ შემთხვევაში კი როცა დედას შეგაგინებენ და უპასუხებ ასეთი ფორმით აქაც უნდა დადგეს აუცილებლად შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება.

არც ერთ შემთხვევაში ძალადობას არ აქვს გამართლება, მაშინაც კი როცა დედას გაგინებენ. მესმის, რომ მძიმე და რთულია, მაგრამ ყველას მართებს მოთმინება.

მოვუწოდებ რადიკალურ ოპოზიციას თავი შეიკავოს მსგავსი პროვოკაციებისგან"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში