აჭარაში შემცირდა იმ მოქალაქეთა წრე, რომლებსაც საშუალება აქვთ კორონავირუსზე უფასო კვლევა ჩაიტარონ. ადამიანს ტესტირება იმ შემთხვევაში ჩაუტარდება, თუ ის ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდა, ასევე წარმოადგენს რისკჯგუფს, ან აქვს covid-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ არამიზნობრივი ჯგუფების ტესტირებაც ხდებოდა, ასე კი ლაბორატორიების გადატვირთვას თავიდან აიცილებენ.
ამ ეტაპზე ბათუმში უფასო პისიარ ტესტირება მხოლოდ ორ კლინიკაში ტარდება, განსაზღვრულია დროც.
დილიდან რიგები იყო იმ პოლიკლინიკებთან, სადაც ტესტის ჩაბარებაა შესაძლებელი. მათ შორის იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსზე ტესტი სამსახურში წარსადგენად სჭირდებათ, ან გეგმიური ვიზიტი აქვთ ჩანიშნული სამედიცინო დაწესებულებაში და შესაბამისი ცნობის წარდგენა სურდათ. ეს ჯგუფები კი მიზნობრივ კატეგორიაში აღარ შედიან. ისინი ტესტის ჩატარებას და პოლიკლინიკაში ცნობის აღებას ვერ ახერხებენ.
''ოპერაცია მაქვს ჩანიშნული, გამომიშვეს ტესტირების ჩასატარებლად. აქ მოვედი და მითხრეს ამ კატეგორიაზე არ ვაკეთებთ და ცნობას ვერ გავცემთო. მე ვერ ვხვდები სად წავიდე? სასწრაფო ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი'' - უთხრა აჭარის მაუწყებელს მოქალაქემ.
საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ არ არსებობს მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც კლინიკას ავალდებულებს ყველა მიღებულ პაციენტს ჩაუტარდეს პისიარ ტესტირება.
''არსებობენ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ თავისი სურვილით იტარებენ ტესტირებას. დაგეგმილი აქვთ სხვადასხვა ადგილას ვიზიტი, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე ადამიანები, რომლებსაც სამსახურში წარსადგენად ცნობა სჭირდებათ. არ არსებობს მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც კლინიკას ავალდებულებს ყველა მიღებულ პაციენტს ჩაუტარდეს პისიარ ტესტირება. ექიმს აქვს ვალდებულება, რომ პირადი დაცვის საშუალებებით თავი დაიცვას და არა პაციენტის მიერ მიტანილი დასკვნის ფურცლით. ასე წვალდება მოქალაქე და ეს არ ეტევა მიზნობრიობაში, რომელიც სახელმწიფომ განსაზღვრა'' - განაცხადა ბექა იოსელიანმა.
აჭარაში ტესტირებასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე მოქალაქეები ბოლო დღეებში აქტიურად საუბრობენ. მათ შორის დაგვიანებულ პასუხებზე.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ერთეული შემთხვევები არის, სისტემა სრულად რამდენიმე დღეში გაიმართება, მსგავსი პრობლემები კი აღმოიფხვრება. ნონა ეფაძის განმარტებით, ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, ბინაზე მიაკითხავენ და ადგილზე ჩაუტარებენ ტესტირებას.
''იმისათვის, რომ არ მოხდეს ლაბორატორიების გადატვირთვა, ხდება მხოლოდ მიზნობრივად შერჩეული კონტაქტების განსაზღვრა. ვისაც რეალური რისკი აქვს. მხოლოდ ინტერესის გულისთვის არ უნდა ჩატარდეს ტესტირება'' - განაცხადა ნონა ეფაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ აჭარაში ტესტირების ოპტიმალური მაჩვენებელი 1500-დან 2000-მდე მერყეობს.
''ბოდიში მოვიხადე წინა სხდომაზე იმის გამო, რომ აჭარაში დღეში გვქონდა 4, 5, ან 6000 ტესტი, ეს რთული გამოდგა რეგიონისთვის და დამატებითი ტვირთი ლაბორატორიებისთვის. ამიტომ ქონდა ადგილი პასუხების დაგვიანებას, ეს ნელ-ნელა სწორდება და ორ-სამ დღეში კალაპოტში ჩავდგებით'' - თქვა ბრიფინგზე ამირან გაყრელიძემ.
ბოლო პერიოდში მოქალაქეები საუბრობდნენ, რომ 21, 22 და 23 სექტემბერს ჩაბარებული ტესტის პასუხები არ მიუღიათ და ისინი ფიქრობენ, რომ ნიმუშები დაიკარგა.
ბექა იოსელიანი კი განმარტავს, რომ აღნიშნულ პერიოდში შეფერხება იყო. ერთ-ერთი ლაბორატორია დროებით ვერ მუშაობდა, რის გამოც ნიმუშები საქართველოს სხვა რეგიონებში გაიგზავნა. საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში აჭარის მაუწყებელს უთხრეს, რომ შემცირდა ლოდინის ვადა და მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტირების პასუხს 24 საათის განმავლობაში მიაწვდიან.