გამოკითხული მოსახლეობის 88% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თუმცა 59%-ს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია ვის მისცეს ხმა - NDI

14 სექტემბერი 2020, 11:37 1263 ნახვა

NDI-ის კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის უმეტესობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, ასეთი 88 პროცენტია, თუმცა უმრავლესობას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას და ასეთი მოსახლეობის 59 პროცენტია.

კვლევის თანახმად, მოსახლეობისთვის საჭირბოროტო საკითხები ძირითადად ეკონომიკას ეხება და ისინი კანდიდატებისგან პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარს მოელიან. სასურველი კანდიდატის შერჩევისას მოსახლეობა, პირველ რიგში, პარტიის ეკონომიკურ პოლიტიკას - 36 %, ჯანდაცვის პოლიტიკას 12% და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ პოლიტიკას 12 % მიიღებს მხედველობაში.

“გადაუწყვეტელი მოქალაქეების ასეთი სიმრავლე პარტიებისთვის ერთდროულად გამოწვევას და შესაძლებლობას წარმოადგენს. კანდიდატებს დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევთ, რათა მოქალაქეებისთვის პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზება და ამით მათი შთაგონება და მოტივირება მოასწრონ.” - აცხადებს ალან გილამი NDI საქართველოს ოფისის დირექტორი.

კვლევაში საუბარია, რომ მოქალაქეების მხრიდან ეკონომიკაზე აქცენტი თანხვედრაშია მოსახლეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალთან, რომლის სათავეშიც უკვე წლებია დასაქმება - 49%, სიღარიბე 39 % და ფასების ზრდა/ინფლაცია - 20 % ექცევა.

აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი”,-აღნიშნულია NDI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში