ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ მატანთან პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო

14 სექტემბერი 2020, 10:55 1153 ნახვა

ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ მატანთან პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო.

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ მატანთან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით პოლიციის სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.

შსს-ს ინფორმაციით, საკონტროლო პუნქტებზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების მონიტორინგი პოლიციამ უწყვეტ რეჟიმში უკვე დაიწყო.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოფელ მატანში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე უტარდება ​თერმოსკრინინგი და ტესტირება. პოლიცია, პრევენციულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ატარებს.

სოფელ მატანსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფელში ინტენსიურად პატრულირებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში