საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

14 სექტემბერი 2020, 10:17 1860 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 2392 გახდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

კორონავირუსი  ჯამში  დაამარცხა - 1369 პირმა. კარანტინის რეჟიმშია - 5882, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის განცხადებით, 165 ახალი შემთხვევიდან აჭარასა და ბათუმში 109 გამოვლინდა, თბილისში 17, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ზუგდიდში 9, ქვემო ქართლსა და გარდაბანში 9, შიდა ქართლი, გორი-6, კახეთი-გურჯაანი 6, გურია-ოზურგეთი 4, იმერეთი-ქუთაისი 4, მცხეთა თიანეთი-მცხეთა 1.

"ყველაზე მეტი 109 გახლავთ აჭარა, იქ ვითარება საყურადღებოა. აჭარაში ძალიან დიდი სამუშაოები მიდის, ხდება ინფიცირებულების გამოვლენა და მათი მოვლა. იმედია იქ დაავადების გავრცელების ლოკალიზება მალე მოხდება.

გორში 5 სექტემბერს ჩატარდა 100 კაციანი ქორწილი, რაც გახდა მიზეზი გორსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ინფიცირების კერების გაჩენის. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვებს, თორე ასეთი შემთხვევები დადგება მრავალი"-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში და კახეთის ერთ-ერთ სკოლაში იყო ინფიცირების შემთხვევები. უნივერსიტეტში კონტაქტები მოძიებულია და ისინი იზოლირებულნი არიან. მისივე განმარტებით, კახეთის სკოლაში საბედნიეროდ არ არის სწავლების პერიოდი, ბავშვები არ არიან ინფიცირებულნი, პედაგოგებს შორის იყო გარკვეული შემხებლობა და სიტუაცია უკვე მართვადია.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში