ოკუპირებული აფხაზეთიდან დაბრუნებული ხატი ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში დააბრძანეს. ხატი "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად ჩაიტანა.
ბაგრატის ტაძარში ხატს ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელი, სასულიერო პირებთან ერთად დახვდა. აღავლინეს პარაკლისი.
ირმა ინაშვილის განცხადებით, ხატი ბაგრატის ტაძარში დარჩება და ეს ღვთის ნებაა.
"ღვთის ნებაა ყველაფერი, რატომ ბაგრატის ტაძარში? ესეც ღვთის ნებაა. მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ეს ღვთისმშობელი იქნება შემწე დევნილთა და მოწყალე, რომელიც დაიცავს, გააძლიერებს საქართველოს, ასევე აფხაზებს და ოსებს. დღეს დიდი და მძიმე დღე იყო, ასევე ამაღლებული. ღვთისმშობლის წინააღმდეგ ბრძოლა არავის მოუგია. ძალიან სამწუხაროა, რომ მთელი ამ დღეების მანძილზე, მე ვაკვირდებოდი არაადამიანურ პროცესს, რომელსაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. ეს არის ჯგუფები, თბილისში, სოხუმში, რომელთათვისაც არაფერი წმინდა არ არსებობს. დაიწყო პატარა ნაბიჯის გადადგმა და რამდენი მტერი აღმოაჩნდა ამ პატარა ნაბიჯს.
არ ვიცი, რა გიხაროდათ, ღვთისმშობელს აბრუნებენო? ტელევიზიებსაც მოგმართავთ. ბევრი ბოროტება თქვენც რომ გააკეთეთ, თუ ხვდებით, კარგია, თუ ვერ ხვდებით, მე ვარ ვალდებული, რომ გითხრათ. ღვთისმშობელს აბრუნებდნენ ეს გიხაროდათ შავი სიხარულით? ჩვენ გავაგრძელებთ შერიგების დიდ პროცესს, პატარა ნაბიჯი გადაიდგა და თბილისში ბოკერია-სააკაშვილები, მათი ტელევიზიები, მესამე სექტორი აბობოქრდა, აფხაზეთში 15 კაცი იყო ამ პროცესების წინააღმდეგი, თბილისიდან უნთებდნენ ცეცხლს, ასევე კობახიძე და მისი ფრთა. ყველაფერი ვიცი, ყველას გვარები, ვიცი, ვინ როგორ მოქმედებდა და ვერავინ ვერასდროს მოერევა ღვთისმშობელს, ახლა გინდა გაიხარეთ შავი სიხარულით და გინდა განაგდეთ შავი სიხარული და მიიღეთ ღვთისმშობელი, რომელიც მობრძანდა ბაგრატის ტაძარში", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია აგვისტოში ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდნენ, სადაც ილორის ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შესწირეს. გუშინ აფხაზებმა ხატი უკან დააბრუნეს.