ფოთში მაშველებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი წყლიდან გამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„ფოთში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მორიგეობისას მეხანძრე-მაშველმა წყალში მყოფი მოქალაქე შენიშნა, რომელიც ვერ ახერხებდა ნაპირზე გამოსვლას და სჭირდებოდა მაშველების დახმარება.
მოქალაქის დასახმარებლად, დაუყონებლივ, სკუტერით გავიდნენ მეხანძრე-მაშველები. ქალბატონი მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭირო გახდა დამატებითი ძალების მობილიზება და პროცესში ჩაერთო სამაშველო კატარღა.
მეხანძრე-მაშველებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი ნაპირზე გამოიყვანეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მოსვლამდე პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.
ამ დროისთვის, მოქალაქე გადაყვანილია სტაციონარში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.