მესამე დღეა ინტენსიურად თოვს ბათუმში, თოვლის საფარი ამ დროისთვის ნახევარ მეტრს აღწევს, ნალექმა დააზიანა 80-მდე მწვანე ნარგავი, ასევე გარკვეული შეფერხებებია გადაადგილების მიმართულებით.
მოქალაქეები ამბობენ, რომ გაუწმენდავია ქუჩების დიდი ნაწილი და ტროტუარები, ასევე შეფერხებით მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით სამუშაოებში 70-ი ერთეული სპეციალური ტექნიკა და მუნიციპალური სამსახურების 700-მდე თანამშრომელია ჩართული.
გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, სკვერებში, პარკებში, მწვანე სივრცეებსა და ქუჩებში ხე-მცენარეების თოვლის საფარისგან დაფერთხვის სამუშაოები მიმდინარეობს.
ასევე მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, ამ ეტაპზე, ბათუმისა და ოზურგეთის სტრუქტურულ ერთეულებში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპებია შეჩერებული.