ქობულეთში, სტატისტიკის სამსახურის ყოფილ შენობაში შესახლებული 12 ოჯახი მერთან, მირიან ქათამაძესთან შეხვედრას ისევ ითხოვს. აქციის მონაწილეებმა დღეს რამდენიმე წუთით საავტომობილო გზაც გადაკეტეს.
ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებიან.
ორი მოქალაქე შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.
მოქალაქეები მერისგან ოფიციალურ დოკუმენტს ითხოვენ. მათი თქმით, ეს იქნება გარანტია, რომ არჩევნების შემდეგ მათ არ გამოასახლებენ.
''ინვესტორმა, რომელმაც აუქციონის წესით შეიძინა აღნიშნული შენობა, უნდა ჩამოართვან და ჩვენ საკუთრებაში გაგვიფორმონ, რომ არჩევნების შემდეგ არ გამოგვასახლონ. თუ მერი არ შეგვხვდება და ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, შენობის წინ კარვებსაც გავშლით'' - აცხადებს აქციის მონაწილე.
დროებით შესახლებულები ამბობენ, რომ მათ სხვა დამატებითი საცხოვრებელი ფართები არ აქვთ, ასევე არიან სოციალურად დაუცველები.
აქციის მონაწილეებთან ერთად ქობულეთის მერიასთან, პარტია "სამართლიანობის" და ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან შეკრებილები.