გლდანის მასივში ერთ-ერთი მრავალსართლიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
უწყების ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა 3 ბავშვი გადაარჩინეს
''შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა 30-მდე მეხანძრე-მაშველისა და სახანძრო - სამაშველო ტექნიკის მობილიზება. ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი უვნებლად რამდენიმე წუთში გამოიყვანეს, რომლებსაც ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს. პარალელურად განახორციელეს პრევენციული სამუშაოები და დაიწყეს ხანძრის ქრობა'' - წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ნახანძრალი ტერიტორიის პრევენციული დამუშავება.