აჭარაში კორონავირუსი კიდევ ორ მოქალაქეს დაუდასტურდა 

28 აგვისტო 2020, 10:40 2080 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსი კიდევ ორ მოქალაქეს დაუდასტურდა. მათ შორის ერთი გუშინ ინფიცირებული მძღოლის ოჯახის კონტაქტია. 

მეორე კი საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია. ის მოლდავეთის მოქალაქეა, თუმცა სამკურნალოდ ბათუმში დარჩა და მამაკაცი კოვიდმიმღებ ცენტრში გადაიყვანეს. 

''გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში დაფიქსირდა ორი ახალი შემთხვევა. ერთი გახლავთ მძღოლი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. მეორე კი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. ეპიდკვლევა გრძელდება, გამოვლენილი იყო მანამდეც ახლო კონტაქტები და შესაძლო რისკის  შემცველი კონტაქტები. აღებულია სინჯები, რომელთა პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

ეს იყო გუშინ დადასტურებული შემთხვევის წყაროსთან კონტაქტში მყოფი პირი, რომელსაც ჩაუტარდა კვლევა და დადასტურდა. 

საოჯახო სასტუმროს მფლობელის კონტაქტების დიდი ნაწილის პასუხი უარყოფითია. თანამშრომლების ტესტის პასუხი, რომლებიც გადაყვანილი არიან კარანტინში ამ ეტაპზე უარყოფითია, თუმცა იზოლაციას ექვემდებარებიან და დამატებითი კვლევები 12 დღის შემდეგ ისევ ჩაუტარდებათ'' - განაცხადა ნონა ეფაძემ. 

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სულ 32 პაციენტია მოთავსებული.

დღეს, 28 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევვიდან ორი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირია, სამი შემოტანილი შემთხვევაა, კიდევ სამის წყარო უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში