ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელები სესხების გადავადებას ითხოვენ - აქცია მერიასთან

24 აგვისტო 2020, 14:17 2041 ნახვა

საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა ქობულეთის მერიის წინ აქცია გამართეს. ისინი საბანკო სესხების ერთი წლით გადავადებას და ამ საკითხზე ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას ითხოვენ. 

აქციის მონაწილეები ყვებიან, რომ საცხოვრებელი სახლები და საოჯახო სასტუმროები იპოთეკითაა დატვირთული, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი ქონებას დაკარგავენ. 

მოსახლეობა ამბობს, რომ წელს პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, ტურისტული სეზონი ვერ შედგა. შესაბამისად ისინი სეზონური სესხების დაფარვას ვერ შეძლებენ. მათი კიდევ ერთი მოთხოვნაა მოხდეს აღნიშნული პროცენტის სუბსიდირება. 

''ჩვენ არ გავურბივართ გადასახადებს, თუმცა ის პროცენტები, რომელიც გადავადების შემთხვევაში ნამატის სახით დაგვაკისრეს ძალიან დიდი. წელს სეზონი არ იყო, დამსვენებლების ნაკლებობაა, ამ თანხას ვერ გადავიხდით და სახლებიდან გამოსახლება გვემუქრება'' - უთხრა მაუწყებელს საოჯახო სასტუმროს მფლობელმა. 

მოქალაქეები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. 

აქციის მონაწილეები ქობულეთის მერს შეხვდნენ. მირიან ქათამაძე აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში შეიქმნება სპეციალური ბაზა, გაიწერება იმ საოჯახო სასტუმროების მეპატრონეთა სია, რომლებსაც ბანკებთან სასესხო ვალდებულები აქვთ. პროცესებში საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. 

მერი ამბობს, რომ სესხების გადავადებისათვის ისინი სწორი, სამართლებრივი გზის პოვნას შეეცდებიან. მირიან ქათამაძემ დღეს აჭარის მაუწყებელს უთხრა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჰქონდა აჭარის მთავრობასთანაც. 

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი