კარანტინისა და იზოლაციის ვადა 14-ის ნაცვლად 12 დღე იქნება - მთავრობის ახალი დადგენილება

14 აგვისტო 2020, 18:39 4599 ნახვა

საქართველოს მთავრობის 495-ე დადგენილებაში ცვლილებების თანახმად, კარანტინისა და იზოლაციის სავალდებულო ვადა 14-ის ნაცვლად 12 დღე იქნება.

ცვლილებების მიხედვით, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი ექვემდებარება 12 დღის განმავლობაში სავალდებულო კარანტინს. 12 დღიანი სავალდებულო ვადა, თვითიზოლაციაზეც გავრცელდება. 

საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები, ასევე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული უცხო ქვეყნის/საერთაშორისო ორგანიზაციების დელეგაციების წევრები, თუმცა მათ გარკვეული წესების შესრულება მოუწევთ.

უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ყველა პირი ვალდებულია წარადგინოს ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო ისინი, ვისაც კარანტინის გავლა არ უწევს, 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარებენ PCR კვლევას. 

საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები კი ვალდებულნი არიან, ოფიციალური ვიზიტიდან საქართველოში დაბრუნებიდან 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა, რომლის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან.

დადგენილებაში წერია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ვალდებულია თავად აანაზღაუროს ტესტირების საფასური. გამონაკლისს შედგენენ ის პირები, რომლებსაც პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდათ იმუნოგლობული „G“. ისინი, განმეორებითი ტესტირებისგან თავისუფლდებიან.

დადგენილებაში ასევე წერია, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გამოსული ყველა ფიზიკური პირი ექვემდებარება 12-დღიან კარანტინს.

უახლესი მონაცემებით, საქართველოში კარანტინის ზონებში 7635 ადამიანი იმყოფება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი