შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეებს საშუალება ექნებათ სააპელაციო განაცხადით მიმართონ ცენტრს 11 აგვისტოს 10:00 საათიდან 14 აგვისტოს 18:00 საათამდე.
სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge.
ცენტრი სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქციას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც:
შესაბამის ველში აბიტურიენტმა უნდა შეიყვანოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი, სტუდენტმა კი პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდი;
მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ უნდა დააჭიროს ღილაკს „შესვლა“, შემდეგ კი „განაცხადის შევსება“;
საგნის მითითების შემდეგ აბიტურიენტმა უნდა აირჩიოს დავალებები. თუ გსურთ გაასაჩივროთ მთელი ნაშრომი, უნდა მონიშნოთ ყველა დავალება;
თქვენ მიერ დამუშავებულ ინფორმაციას სისტემა ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა;
გაითვალისწინეთ: დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ დააჭერთ ღილაკს „გაგზავნა“ 14 აგვისტოს 18:00 საათამდე. გაგზავნის შემდეგ განაცხადში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.
აბიტურიენტმა ორი ან მეტი გამოცდის შედეგის აპელირებისას უნდა შეავსოს შესაბამისი ინფორმაცია ყველა გამოცდისათვის სისტემიდან გამოსვლის გარეშე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოს განაცხადი.
თანხის გადახდის გარეშე სააპელაციო განაცხადის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში საგნის არჩევის საშუალებას სისტემა არ იძლევა. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა განცხადების საფუძველზე უკან დაგიბრუნდებათ). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს გამოსაცდელის პირადი ნომერი და, საჭიროების შემთხვევაში, გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში, თუ ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.
უფრო ვრცლად: https://naec.ge/?fbclid=IwAR2lKyjnkHTQy1tPDdBdNvXqkzt2XSL8jv2nvj0CaPV6zCckeTWe0BhslYc#/ge/post/2207