რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა

08 აგვისტო 2020, 12:30 1603 ნახვა

412 დაღუპული, მათ შორის, 169 ჯარისკაცი; 1 747 დაჭრილი; 130 000 იძულებით გადაადგილებული პირი, რომელთაგან 30 000 დღესაც დევნილობაში ცხოვრობს; 35 000 განადგურებული სახლი; მიწასთან გასწორებული 53 ქართული სოფელი; რუსეთის მიერ დამატებით ოკუპირებული ხუთი ხეობა და 125 სოფელი; საქართველოს მოქალაქეებს დღემდე უწევთ ცხოვრება მავთულხლართების მიღმა, – ეს აგვისტოს ომის შედეგებია.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა.ქართული სოფლების მიმართულებით ცეცხლი ჯერ კიდევ 2008 წლის ივლისში გახსნეს, სიტუაცია განსაკუთრებით 7 აგვისტოს გამწვავდა, დაიბომბა ნული, ავნევი, ფრისი, დვანი, რასაც 7 აგვისტოს, გვიან ღამით საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. 8 აგვისტოს დილით კი, როკის გვირაბიდან ცხინვალის რეგიონში რუსეთის 58-ე არმიის კოლონა შემოვიდა. ქართულმა შენაერთებმა, რომლებმაც ცხინვალის ნაწილის დაკავება მოახერხეს, რუსული ავიაციის იერიშის შედეგად უკან დაიხიეს. რუსულმა ავიაციამ დაბომბა ქალაქი გორი, ფოთის პორტი, სენაკის და მარნეულის სამხედრო ბაზები, ვაზიანის ბაზა, საავიაციო ქარხანა და ქვიშიანის მთაზე მდებარე რადარი.

დე ფაქტო რეჟიმების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გარდა, რუსმა სამხედროებმა ასევე დაიკავეს კოდორის ხეობა, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ახალგორი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი და საჩხერის რაიონის სოფელი პერევი. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა.ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთმა აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა. 2008 წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ოფიციალური მოსკოვი დღემდე არ ასრულებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი