თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის 40 მილიონ ლარამდე გამოიყოფა - პრემიერი

23 ივლისი 2020, 11:33 1884 ნახვა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ახალი შენობის შეძენის ან აშენების მიზნით, დაახლოებით, 40 მილიონი ლარი გამოიყოფა-ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„თბილისის ინფექციური კლინიკა წლებია უკვე ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. ჯანდაცვის სამინისტროსთან ეს აქტიური განხილვის საგანი იყო. ჩვენ სამინისტროსთან ერთად ვცდილობდით გვეპოვა სწრაფი გამოსავალი. დღეს ეს განსაკუთრებით აქტუალურია ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით. ის კლინიკური ჯგუფი, რომელსაც თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანელობდა, იყო ძალიან ეფექტური და ეს არა მხოლოდ საქართველოს კლინიკურ მდგომარეობას მართავდა, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენს პარტნიორებსაც უწევდა კონსულტაციებს. რა თქმა უნდა, ეპიდემიის გავრცელების რისკებიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა. ამისთვის დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე, რომლის მიზნობრიობა იქნება ახალი შენობის აშენება ან შეძენა. ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში უნდა გადავჭრათ“, – განაცხადა გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი