რამდენიმე წუთის წინ ბათუმის არჩეულმა მერმა დაადასტურა, რომ თანამდებობიდან წავიდა. ლაშა კომახიძემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესების გათვალისწინებით მიიღო.
ქალაქის ყოფილი მერი ამბობს, რომ ღირსეული შემოთავაზება აქვს და ჯერ ფიქრობს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ კერძო სექტორში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში გადაინაცვლოს.
''მინდა დაგიდასტუროთ გავრცელებული ინფორმაცია ჩემი გადადგომის შესახებ. ჩემი აზრით, აღნიშნული გადაწყვეტილება არის სწორი გადადგმული ნაბიჯი სახელმწიფოებრივი მიდგომით და ყველას ინტერესების გათვალისწინებით. სიტყვა ყველაში, პირველ რიგში, მე ვგულისხმობ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, ჩვენი ქალაქისა და იმ დაწყებული პროექტების უმტკივნეულოდ გაგრძელებას'' - განაცხადა ლაშა კომახიძემ.
მერმა მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს, განსაკუთრებთ მათ, ვინც 2017 წლის ოქტომბერში 56%-იანი მხარდაჭერით ნდობა გამოუცხადა.
"დიდი პატივი იყო თქვენს სამსახურში ყოფნა. გემსახურეთ ღირსებით, გემსახურეთ ერთგულად" - განაცხადა ლაშა კომახიძემ.
კითხვაზე ხომ არ არის ''ქართული ოცნების'' გუნდში დაპირისპირება, ლაშა კომახიძემ თქვა, რომ ეს გავრცელებული ჭორია.
''მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს მერიის სისტემიდან, საკრებულოდან, მრჩეველთა საბჭოდან. ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრი სიკეთე გავაკეთეთ ამ ქალაქისთვის. სტრატეგიული, ინფრასტრუქტურული, ასევე განათლების, ჯანდაცვის, სოციალური მიმართულებით, სპორტისა და კულტურის მხრივ განხორციელებული პროექტებით. მინდა მადლობა გადავუხადო "ქართული ოცნების" გუნდს, ვისთან ერთადაც არაერთი გამარჯვება მოგვიპოვებია. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომდგენლებს. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, მედიას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებთანაც ამ სამი წლის განმავლობაში დამაკავშირა სამუშაო ვითარებაში ამ პოზიციამ. და ბოლოს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, რომლებიც ყოველთვის მოთმინებით, ერთგულად იდგნენ ჩემს გვერდი'' - თქვა მერმა.
კითხვაზე, თუ რა გახდა გადაწყვეტილების მიზეზი? მერმა უპასუხა, რომ მან გაითვალისწინა გუნდური შეხედულება ამის თაობაზე.
"მე გავითვალისწინე გუნდი შეხედულება ამის თაობაზე. ჩემი მხრიდან, ნებისმიერი ტიპის სხვა გადაწყვეტილება, ვფიქრობ, იქნებოდა დამაზიანებელი ქალაქისათვის, მოქალაქეებისა და მნიშვნელოვანი პროექტებისათვის" - უთხრა ჟურნალისტებს ლაშა კომახიძემ.