მთავრობამ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონპროექტი დაამტკიცა

09 ივლისი 2020, 16:00 1591 ნახვა

საქართველოს მთავრობამ „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი კანონპროექტი დაამტკიცა.

კანონპროექტის თანახმად, ყველა საწარმო და არა მხოლოდ მსხვილი კომპანიები, ვალდებულები არიან  შეამცირონ და აღმოფხვრან გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანი.

ახალ მექანიზმი გულისხმობს ზიანის ანაზღაურებას არა უბრალოდ თანხობრივად, არამედ ითვალისწინებს ზიანის შემცირება-აღმოფხვრის ღონისძიებების გატარებას. პირი, რომელმაც მიაყენა ზიანი გარემოს, თავად ხდება ვალდებული, გასწიოს ხარჯი და გამოასწოროს იგი.

"მოქმედი კანონმდებლობა, მთლიანად აგებული იყო გარემოსთვის მიყენებული ზიანისათვის მონეტარულ პასუხისმგებლობაზე. გარემოსთვის მიყენებული ზიანის სანაცვლოდ გადახდილი თანხა მიემართებოდა სახელმწიფო ბიუჯეტში და მას არა აქვს განსაზღვრული მიზნობრიობა, მოხმარდეს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფს დაზიანებული გარემოს აღდგენას.

ახალი კანონპროექტით, ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხები მიემართება სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე, სადაც აკუმულირებული თანხები მოხმარდება დაზიანებული გარემოს აღდგენას"-აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.

კანონპროექტის თანახმად, დაწესდება მაღალი საჯარიმო სანქციები იმ საწარმოებისთვის, რომლებიც ატმოსფერულ ჰაერს მავნე ნივთიერებებით დააბინძურებენ.

" ჩვენ გვესმის მოსახლეობის, რომელიც ითხოვს დაჯარიმებას იმ ბიზნესოპერატორების, რომლებიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას ახდენენ, ახდენენ არაერთგზის, არაერთჯერადად და ემისიები ნორმას რამდენჯერმე აღემატება. ჩვენ შესაბამისი სანქციები შემოვიტანეთ, რომელიც ვფიქრობ შემაკავებელი ეფექტის იქნება. ეს თანხები არის საკმაოდ დიდი - 10, 15 და ხშირად 50 ათას ლარამდეც, განმეორებადობის და იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდია გადაჭარბებები ზღვრულ ნორმებთან შედარებით. ასე რომ, თვითმონიტორინგის სისტემების არსებობა ასეთი ტიპის ბიზნესსაქმიანობებისთვის, რომლებიც ატმოსფერულ ჰაერში დიდი ემისიის წყაროები არიან, არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც ამ პაკეტმა განსაზღვრა“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი