ჯანდაცვის სამინისტრო covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებლებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.
ბინებისა და აპარტამენტების გამქირავებლებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:
➤ პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის თვალსაჩინო ადგილას განთავსება;
➤ სტუმრის მიერ გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერის გამოყოფა, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;
➤ სტუმრის გასვლის შემდგომ პროცედურის დაცვა: დეზინფექცია, 4 საათიანი განიავება, დალაგება-დასუფთავება;
➤ დალაგების დროს პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენება: დალაგების დაწყების წინ და დასრულების შემდეგ ხელების დაბანა საპნიანი წყლით 20 წამის განმავლობაში, ან 70%-იანი ალკოჰოლის შემცვლელი ჰიგიენური საშუალებების გამოყენება; ხელების დაბანა საპნითა და წყლით უპირატესია;
➤ ხშირად შეხებადი და დაბინძურებადი სივრცეების პერიოდული დასუფთავება-დეზინფექცია;
➤ რბილი ავეჯისა და იატაკის წმენდა სპეციალური საწმენდი საშუალებებით;
➤ ყოველი ხმარების შემდეგ მტვერსასრუტის დასუფთავება სადეზინფექციო ხსნარით;
➤ გამოყენებული თეთრეულისა და პირსახოცების შეგროვება სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ტომარაში. მათი იატაკზე მოგროვება, დაბერტყვა, შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირება რისკის შემცვლელია.
➤ თეთრეულის რეცხვა არანაკლებ 60 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურის წყლით, სათანადო სარეცხი საშუალებების კომბინაციით;
➤ მტვრისა და მიკროორგანიზმების ჰაერში ან სუფთა ზედაპირზე მოხვედრის გამოსარიცხად მშრალი დაგვის და მტვრის გადაწმენდის ნაცვლად უმჯობესია სველი წესით დასუფთავება-დეზინფექცია;
➤ სასურველია სტუმრის მიღების და გასვლის დისტანციური სისტემის დანერგვა.
რეკომენდაციები სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადდა.