ფოტოშოპში გაკეთებული ლამაზი სახლები ბევრი ვიხილეთ, თუმცა ქუთაისში რიონისპირა სახლების პროექტი შეჩერდა - ოპოზიცია 

18 ივნისი 2020, 16:54 2749 ნახვა

"ქუთაისი მიტოვებული და მოუვლელია, მხოლოდ სურათები დაგვრჩა, თუ რას აპირებდა ქალაქში "ქართული ოცნება"- აცხადებს გიგა შუშანია, ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

გიგა შუშანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე რიონისპირა სახლების პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ტენდერი შეაჩერა, რასაც მთავრობის მიზანმიმართულ ქმედებას უკავშირებს.

''ქუთაისელებს არჩევნების წინ ეუბნებოდნენ, რომ იწყებდნენ საუკუნის პროექტს, მდინარისპირა სახლების გაკეთებას. ფოტოშოპში გაკეთებული ლამაზი სახლებიც ბევრი ვიხილეთ. ჩვენ და სამწუხაროდ, ისევე როგორც სხვა პროექტები ესეც გაჩერდა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა საერთოდ შეწყვიტა ეს პროექტი, არ პირებს მის განხორციელებას. თავიდანვე ჩვენ ვამბობდით, რომ ეს პროექტი მკვდარშობილი იყო და მხოლოდ სახელად იყო გამოცხადებული. იმდენი დეტალი აკლდა და არ უთქვათ საზოგადოებისთვის, რომ იქმნებოდა შთაბეჭდილება მხოლოდ არჩევნების წინ სჭირდებოდათ ეს თემა,“ - განაცხადა გიგა შუშანიამ. 

ოპოზიციის განცხადება სპეკულაციად შეაფასა ქუთაისის ვიცე-მერმა. ნინო თვალთვაძის თქმით, რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია აუცილებლად განხორციელდება და ხელშეკრულება ხარვეზების გამო შეწყდა.

„80-იანი წლების შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დღის წესრიგში დადგა რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის საკითხი და მხოლოდ ამ ხელისუფლების პირობებში დაიძრა საკითხი, რომელიც უახლოეს მომავალში აუცილებლად განხორციელდება. ქუთაისის მუნიციპალიტეტი არ წარმოადგენს ხელშეკრულების ოფიციალურ მხარეს, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ვიყავით პროცესში ჩართული იმ დოზით, რა დოზითაც უნდა ყოფილიყო ქალაქი. ვესწრებოდით ყველა განხილვასა და კონცეფციის შეთანხმებას. შემიძლია ჩამოგითვალოთ საკმაოდ ბევრი პროექტი, რომელიც შესრულდა, მოუხედავად მსოფლიო პანდემიისა. საკმაოდ ბევრი პროექტის მიმდინარეობაა, ხედავთ და ყოველდღე იხსნება ახალი სკვერები, კეთდება გზები. ეს ბრალდებები მხოლოდ სპეკულაციაა"- განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

რიონისპირა სახლების პროექტირებაზე ტენდერი 2019  წელს გამოცხადდა. 944 000 ლარიან ტენდერში, "კარკასმა"  გაიმარჯვა.  გამარჯვებულ კომპანიასთან, ხელშეკრულება 2019 წლის 11 ივნისს გაფორმდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა, რის მიზეზადაც ვადების დარღვევა დასახელდა. ამასთან, დაიწუნეს პროექტის ხარისხიც. თავის მხრივ, კომპანია მუნიციპალური განვითარების ფონდს სასამართლოში უჩივის.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, რიონისპირა სახლების პროექტირებაზე ახალი ტენდერი გამოცხადდება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი