მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ არ ისარგებლონ კომუნალური შეღავათებით, მაისის თვის გადასახადზე უარის დაფიქსირების ვადა დღეს, 11 ივნისს იწურება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის ინფორმაციით, ამისათვის მოქალაქეებმა რეგისტრაცია სემეკის ვებგვერდზე მოქმედ პლატფორმაზე - www.gnerc.org/ge/covid-19-ზე უნდა გაიარონ.
საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, კომუნალური შეღავათები ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი,მაისი) ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტ.სთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში - 200 კუბურ მეტრს.
სემეკის ინფორმაციით, მარტსა და აპრილში კომუნალური მომსახურებებით სარგებლობაზე უარი 9200-ზე მეტმა მოქალაქემ თქვა.