''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს - ისინი თორნიკე რიჟვაძის სიტყვით გამოსვლას აღარ ესწრებიან

09 ივნისი 2020, 13:52 2379 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზი ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს და ისინი თორნიკე რიჟვაძის სიტყვით გამოსვლას აღარ ესწრებიან.

ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ მიზეზი სხდომაზე მოქალაქეების არ შეშვების საკითხი გახდა. 

მათი თქმით, შეთანხმების მიუხედავად ადამიანებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მოხსენებაზე დასწრების და კითხვის დასმის საშუალება არ მისცეს. 

თავდაპირველად დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი ითხოვდა სამი ადამიანის დარბაზში შეყვანას, რომლებმაც პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგეს. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ კანონმდებელს ამის უფლება არ მისცა. ელგუჯა ბაგრატიონს ჯერ შენიშვნა მისცეს, მოგვიანებით კი დააჯარიმეს. მას ხელფასის 5% ჩამოაკლებენ. 

სხდომის გახსნიდან რამდენიმე წუთში ბაგრატიონმა დარბაზი დატოვა და მის ადგილას აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუშვა, რომელსაც საბჭოს აპარატის თანამშრომელმა მოუწოდა, მოქალაქეებისთვის განკუთვნილი სკამი დაეკავებინა.  ამ გადაწყვეტილებას მოქალაქის უკმაყოფილება მოჰყვა. 

ნანა კინწურაშვილმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ აღნიშნული რეპლიკის გამო, თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და დარბაზი დატოვა. 

სწორედ აღნიშნულის შემდეგ გავიდნენ სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატებიც. 

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. მოქალაქეებმა შენობასთან გასაყიდი ტანსაცმელი მიიტანეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი