"ვითხოვთ დახმარებას, დავრჩით უმუშევრები" - თურქეთში დასაქმებულთა აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან

05 ივნისი 2020, 14:09 2576 ნახვა

"ქართული ოცნების" ბათუმის ოფისის წინ ქალებმა, რომლებიც თურქეთში, ქემალ ფაშაში სამუშაოდ ვეღარ გადადიან აქცია გამართეს.

ისინი თვითდასაქმებულებისთვის განკუთვნილი ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციის მიღებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ საზღვრის კვეთა ყოველ დღე უფიქსირდებოდათ, რადგან თურქეთში ყოველდღიურად გადადიოდნენ, ამიტომ მათი იდენტიფიცირება რთული არ არის.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი შექმნილი მდგომარეობის გამო ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

"ვითხოვთ დახმარებას, დავრჩით უმუშევრები, დილის 5 ზე გადავდიოდით, საღამოს 6 ზე ვბრუნდებოდით, ამის გადამოწმება სარფის საბაჟოზე შეიძლება, დავრჩით შემოსავლის გარეშე. ვითხოვთ დახმარებას, რომ მივიღოთ კუთვნილი 300 ლარიანი კომპენსაცია"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

"ქართული ოცნების" წინ შეკრებილებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა.

ზაალ მიქელაძემ მათ ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას დაჰპირდა.

"მათი თხოვნის საფუძველზე მე ვუშუამდგომლებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ მოხდეს მათი დახმარება"-აცხადებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი.

მოგვიანებით აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა. თორნიკე რიჟვაძე მათ შუამდგომლობასა და დახმარებას დაჰპირდა.

"ყველაფერი ვიცი, ისიც ვიცი, რომ უამრავი ადამიანია თქვენსავით, თქვენ ხართ აქ მცირე რაოდენობით წარმოდგენილი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი დახმარება შევძლოთ, გვერდში დაგიდგებით. ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ, რომ როგორმე ამ საზღვრის კვეთებით, სხვა დოკუმენტებით, მოხდეს დადასტურება იმ კრიტერიუმებში წარდგენილი მოთხოვნების და შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება მიიღოთ ეს კომპენსაცია. ბანკებთან და კომპენსაციების ნაწილშიც გპირდებით, რომ მოგეხმარებით"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი