ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებისთვის საწვრთნელი აუზი შენდება

01 ივნისი 2020, 16:31 1668 ნახვა

ბათუმის საზღვაო აკადემიას თანამედროვე სტანდარტების საწვრთნელი აუზი ექნება - ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს. 

საწვრთნელი აუზი სტუდენტებსა და მეზღვაურებს საშუალებას მისცემს სავალდებულო პრაქტიკული წვრთნები საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად გაიარონ. 

სამუშაოები საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დაათვალიერა. ნათია თურნავას განცხადებით, ქართველი მეზღვაურები მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩევიან. 

''მეზღვაურებს უწევთ ბევრ გამოწვევასთან გამკლავება და ამაყები ვართ, რომ ქართველი მეზღვაურები ცნობილი არიან მსოფლიოში, როგორც ძალიან მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები. იმისთვის, რომ მეზღვაურთა კვალიფიკაცია უფრო მეტად ავამაღლოთ, საზღვაო აკადემიაში სპეციალური საწვრთნელი აუზი აშენდება, სადაც ჩვენი აკადემიის კურსანტები წვრთნებს გაივლიან და დაეუფლებიან ცოდნას, რაც დაკავშირებულია გადარჩენის ოპერაციებთან“ - განაცხადა მინისტრმა. 

ამ ეტაპზე საქართველოს საზღვაო აკადემიაში საზღვაო განათლებას 2000-ზე მეტი სტუდენტი იღებს. 

''მრავალფუნქციური აუზი სრულიად კომფორტული და თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული იქნება. სხვა ფუნქციებთან ერთად, აღჭურვილი იქნება ამინდის მოდელირების შესაძლებლობით. კურსანტები წვრთნებს უმაღლეს დონეზე, რეალურთან მიახლოებულ პირობებში გაივლიან, მაგალითად: შტორმის დროს სამაშველო კანჯოთი და ტივტივათი მანევრირება, გემიდან წყალში ჩავარდნილი ადამიანის გადარჩენა და სხვ'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აუზის მშენებლობისთვის გამოყოფილია 1 496 319 ლარი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი