ვასილ როინიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

29 მაისი 2020, 13:27 1624 ნახვა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე ვასილ როინიშვილი დანიშნა. მას პლენუმის 21 წევრიდან 18-მა დაუჭირა მხარი, ორი წინააღმდეგი იყო, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.

"მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც სისხლის სამართლის, ასევე, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. 10 წლის განმავლობაში და უფრო მეტი, ის იყო უზენაესი სასამართლოს წევრი და აქვს ძალიან მაღალი კვალიფიკაცია", - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი მიქაუტაძემ. 

ვასილ როინიშვილი 2008-2009 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე იყო. მანამდე 2006-2008 წლებში კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი. სხვადასხვა დროს ის იყო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, სადისციპლინო პალატის წევრი.

საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანსია 15 ივნისიდან გაჩნდება. ამ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს უფლებამოსილების ვადა ეწურება. აღნიშნული პოზიცია კი ვაკანტური გახდება. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში