საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, კომუნალური შეღავათების გაგრძელებაზე, ამ ეტაპზე საუბარი არ არის. რაც შეეხება კრედიტის მომსახურების ნაწილში არსებულ შეღავათებს, ეს გაგრძელდება.
''კომუნალური გადასახადების სუბსიდირება იყო ნაბიჯი, რომელიც აუცილებელი იყო იმისათვის, რომ სწრაფად, სანამ სისტემურად სტრუქტურიზებული იქნებოდა სოციალური დახმარება, ადამიანებს მივხმარებოდით. მათთვის ჯიბიდან გასავალი შეგვემცირებინა. სწორი გადაწყვეტილება იყო კომუნალური და კრედიტები.
კომუნალური სამ თვეში მთავრდება და შემდეგ გაგრძელებაზე ამ ეტაპზე არ ვსაუბრობთ, ვნახოთ ფინანსური შედეგები როგორი გვექნება, კრედიტის მომსახურების ნაწილში გაგრძელება იქნება'' - განაცხადა გიორგი გახარიამ კითხვის საპასუხოდ.
დეპუტატებს აინტერესებდათ იგეგმებოდა თუ არა შეღავათების კიდევ გაგრძელება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეღავათები ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი,მაისი) ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტ.სთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში – 200 კუბურ მეტრს.