ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ტროტუარზე იდგა, როდესაც სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახა.
მოქალაქეები ყვებიან, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
აეროპორტის გზატკეცილზე მცხოვრებლების ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავარიების შემთხვევები ხშირია, ისინი სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას მოითხოვენ.