საქართველოს პრემიერ მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მისი გუნდისთვის დახურული თემები არ არსებობს და დღეს მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს.
გიორგი გახარია პარლამენტში COVID-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საუბრობს.
''ჩემთვის პატივია დღეს მქონდეს შესაძლებლობა, მოგმართოთ თქვენ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენი სურვილით, მთავრობის და საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობით ვართ აქ. მინდა, დავიწყო იმით, რომ ზუსტად 102 წლის წინ, საქართველოში საფუძველი ჩაეყარა პირველ ეროვნულ პარლამენტს და შესაბამისად დღეს პარლამენტის ფუნქცია, ქვეყანაში მის განვითარებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, საპარლამენტო კონტროლის ჩათვლით, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, იმ ვალდებულებასა და პასუხისმგებლობაზე, რომელიც ჩვენ გვაკისრია ჩვენი მოქალაქეებისა და პარლამენტის წინაშე.
შეუძლებელი იყო იმ კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებაში დაგროვდა ამ ტრიბუნიდან პასუხი არ გაგვეცა. კითხვები შესაძლოა არსებობდეს სხვადასხვა სფეროდან, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრებიდან, თუმცა დღეს ყველაზე აქტუალური, რაც ჩვენს მოქალაქეებს აღელვებთ გახლავთ გლობალური პანდემია, ამიტომ პირველ რიგში მზად ვართ ვისაუბროთ ამ თემაზე, პასუხი გავცეთ ყველა კითხვას, არანაირი დახურული თემები ჩვენთვის არ არსებობს.
რაც შეეხება, აქ კომენტარებს ორი საათი არ გალოდინებთ, თუმცა არც პარლამენტის რეგლამენტის დარღვევას არ ვაპირებ და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე გიპასუხებთ იმ კითხვაზე, რაც იქნება დასმული,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.