ზღვის სეზონის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვა შეიძლება თუ არა კორონავირუსი გავრცელდეს წყლით და საშიშია თუ არა ზღვაში ბანაობა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ზღვის წყალი და ზღვაში ბანაობა საშიში არ არის. ზღვის წყალი რისკად არ მოიაზრება. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დღემდე ასეთი რისკი გამოვლენილი არ ყოფილა.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მეტად სარისკო პლაჟზე რუჯის მიღებაა. სწორედ ამიტომ ისინი ყურადღებას სოციალური დისტანცირების აუცილებლობაზე ამახვილებენ.
"ზღვაში ბანაობასა და ინფიცირებას შორის კავშირი დადასტურებული არ არის და ასეთი არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. შესაბამისად, ზღვაში ბანაობა რისკის შემცვლელი არ არის. რისკი მოიაზრება ბანაობის შემდეგ, როცა რუჯის მისაღებად წვება ადამიანი, აუცილებელია, რომ ამ დროს იყოს დაცული სოციალური დისტანცია, ორმეტრიანი მანძილი და დაყოვნება არ იყოს ხანგრძლივი"- ამბობს აჭარის მაუწყებელთან ნინო ნიჟარაძე.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ თუ შემთხვევების მატება მოხდება, რასაც ისინი არ ელოდებიან, მაშინ სავარაუდოდ რუჯის მიღებაზე კონტროლი გამკაცრდება.
"ზღვაში ბანაობა რისკად იმ დრომდე არ მოიაზრება, რა დრომდეც ჩვენ შემთხვევები არ გვაქვს. თუ შემთხვევები არ გვაქვს ეს ზოგადი ხასიათის რეკომენდაცია იქნება მიღებული, თუმცა თუ შემთხვევების მატება დაიწყება, მაშინ სავარაუდოდ რეკომენდაციები გამკაცრდება. ზღვაში ბანაობა სავარაუდოდ არ შეიზღუდება, მაგრამ რუჯის მიღებაზე კონტროლი გამკაცრდება და შეიზღუდება. რადგან ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია მშვიდია, ვფიქრობთ, რომ ზაფხულში არ უნდა გვქონდეს შემთხვევები ამ წესების გამკაცრება ამ ეტაპისთვის არ მოიაზრება. უბრალოდ ნაპირზე უნდა დაიცვას ხალხმა სოციალური დისტანცია. მზის სხივის მოქმედება ვირუს დაახლოებით 5 წუთში კლავს. დისტანცირება ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ თუ პირდაპირი გადაცემა მოხდა, მაშინ მზის სხივი ვერ ასწრებს მოქმედებას. ჩვენ თავად უნდა ვაკონტროლოთ დისტანცია"- აცხადებს ნინო ნიჟარაძე.
ის რომ წყალი ვირუსის გადაცემის დომინანტური გზა არ არის ამას ადასტურებენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიც.
"დომინანტური გადაცემის გზად წყალი არ მოიაზრება, დომინანტური გადაცემის გზა არის ჰაერწვეთოვანი"- აცხადებს ექიმი სოფიო ბერიძე.
ზღვაზე ბანაობასა და კოვიდს შორის პირდაპირი რისკის კავშირები ჯერ რომ არავის დაუდგენია ამას ადასტურებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრშიც. აქაც აქცენტს პლაჟებზე ფიზიკური დისტანცირების აუცილებლობაზე ამახვილებენ.
"ბანაობასა და კოვიდს შორის პირდაპირი რისკის კავშირები ჯერ არავის დაუდგენია. სამხრეთის ქვეყნებში, სადაც ზღვის სეზონმა უკვე გაიარა, იქაც გარკვეულ წესებს მიმართავდნენ და ეს იყო ისევ და ისევ ფიზიკური დისტანცირება, რაც გულისხმობდა იმას, რომ პლაჟებზე თავშეყრა და სიმჭიდროვე კონტროლირებული იყო. შევხედოთ, როგორი იქნება ეპიდსიტუაცია ზღვის სეზონის გააქტიურებასთან ერთად, როდესაც მართლა რეალურად დაიწყება სიცხეები და პლაჟზე უფრო მეტ ადამიანს მოუნდება გასვლა. ისე, პროგნოზირება არაკეთილშობილური საქმეა, დაგვეთანხმება ყველა, ვინც საერთოდ პროგნოზს აკეთებს"- აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
აჭარაში უკვე მეათე დღეა კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა