დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს საქართველოში ტესტირების პიკი იყო, რადგან ერთ დღეში 1328 ტესტი ჩატარდა, მათგან 16 შემთხვევაში კორონავირუსი დადასტურდა.
„დღეს გვქონდა პიკი, ქვეყანაში 1 328 კვლევა ჩატარდა და იქიდან ახალი შემთხვევა გვაქვს 16. აქედან 4 არის მარნეულში, 4 თეთრიწყარო, მაგრამ თეთრიწყარო მიბმულია ასევე მარნეულის სასწრაფოსთან. რაღაც დამატებით ღონისძიებები უნდა მოვიფიქროთ, უფრო უნდა გამკაცრდეს შიგნით რაღაც თვალსაზრისით, მაქსიმალურად უნდა გამოვავლინოთ ეს ხალხი, გადავიყვანოთ სამკურნალოდ, რომ არ გავრცელდეს ინფექცია”, - აღნიშნა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულთა 32% ქვემო ქართლზე მოდის.
ამირან გამყრელიძის თქმით, რეგიონში ჯანდაცვის მიმართულებით ვერტიკალი უნდა გაძლიერდეს.
„ეჭვი მაქვს, მუშევანში ცოტა პოლიტიკურ პროცესებს აქვს ადგილი. ითხოვენ განმეორებით კვლევებს და ეს დაუშვებელია. განმეორებითი კვლევები მათ ჩაუტარდებათ ოთხი დღის შემდეგ, რვა დღის შემდეგ მკურნალობის პროცესში. ახლა ჩვენ რომ დავყვეთ მათ მოთხოვნებს და განმეორებით კვლევებზე წავიდეთ, მთელი ეს ხალხი, 140 კაცი განმეორებით კვლევას მოითხოვს. პროტოკოლით, განმეორებითი კვლევა არის სამი დღის შემდეგ, ოთხი დღის შემდეგ და ასევე, გამოჯანმრთელების შემდეგ.
ამ საკითხზე ხვალ ალბათ მინისტრთან მექნება საუბარი. ჯანდაცვის ვერტიკალი უნდა გაძლიერდეს რეგიონში, ანუ სამინისტროს ვერტიკალი"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.